2021 წლის ოქტომბერში ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ სარეკვიზიტო იარაღიდან ნასროლ ტყვიას ოპერატორი ემსხვერპლა, რის გამოც მსახიობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის ბრალი წარედგინა. სასამართლო პროცესის გამართვამდე 2 კვირით ადრე ბოლდუინს ბრალდება მოუხსნეს.
ნიუ-მექსიკოს პროკურატურის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში საქმისათვის მნიშვნელოვანი ახალი გარემოებები გამოვლინდა, რის გამოც დამატებითი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ბრალდების მოხსნის მიუხედავად, პროკურორის თქმით, ბოლდუინი ბრალის ხელახლა წარდგენისგან დაზღვეული არაა.
"ალეკ ბოლდუინისთვის ბრალდების მოხსნის გადაწყვეტილებას მივესალმებით და იმედი გვაქვს, ამ ტრაგიკული შემთხვევის ფაქტებსა და გარემოებებს სათანადოდ გამოიძიებენ", — განაცხადა ბოლდუინის ადვოკატმა.
პროკურატურის გადაწყვეტილებამდე ალეკ ბოლდუინი ბრალს არ აღიარებდა .ბოლდუინი აცხადებდა, რომ მას სასხლეტისთვის თითი არ გამოუკრავს და ოპერატორი ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა; ხოლო სასამართლო ჩანაწერები მიუთითებდა, მსახიობმა არც იცოდა, გადატენილ იარაღს რომ აწვდიდნენ.
"იარაღი ცარიელი უნდა ყოფილიყო. მე მითხრეს, რომ ცარიელ იარაღს მაძლევდნენ. ერთადერთ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: საიდან აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე საბრძოლო ვაზნა? ვიღაცამ ნამდვილი ვაზნა ჩადო იარაღში, ვაზნა, რომელიც იქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო", — განაცხადა ალეკ ბოლდუინმა.
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის ბრალი გადასაღებ მოედანზე იარაღზე პასუხისმგებელ პირს, ჰანა გუტირეს-რიდსაც წარედგინა. მის წინააღმდეგ ბრალდება ძალაში რჩება.