სამხრეთკორეელი პოპვარსკვლავი და BTS-ის წევრი J-Hope ჯარში გაიწვიეს

სამხრეთკორეელი პოპვარსკვლავი და BTS-ის წევრი J-Hope ჯარში გაიწვიეს

ცნობილი სამხრეთკორეელი მომღერალი და ჯგუფ BTS-ის წევრი J-Hope სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეუდგა. ინფორმაცია თავად მუსიკოსმა გაავრცელა სოციალურ ქსელში და ფანებს გამოემშვიდობა.

"წინ კარგი მოგზაურობა მელოდება", — წერს პოპვარსკვლავი ინსტაგრამზე და თავის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ჯარისთვის უკვე თმაც შეიჭრა.

J-Hope-ს გამოემშვიდობნენ BTS-ის სხვა წევრებიც.

29 წლის J-Hope, იგივე ჯონგ ჰო-სოკი, მსოფლიოში ცნობილი K-pop ჯგუფის უკვე მეორე წევრია, რომელიც სამხრეთ კორეის ჯარში გაიწვიეს. მანამდე, გასული წლის დეკემბერში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა ბენდში ასაკით ყველაზე უფროსმა ჯინმა დაიწყო. მომდევნო წლების განმავლობაში იმავე გზას დაადგებიან BTS-ის დანარჩენი წევრებიც.

წლების განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვა, გაიწვევდნენ თუ არა K-pop-ის ვარსკვლავებს ჯარში. სამხრეთ კორეაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ყველა შრომისუნარიანი კაცი 18 წლიდან 28 წლამდე, ვალდებულია, ორ წლამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადოს. აღნიშნული წესის მკაცრად აღსრულებას დიდწილად სამხრეთ კორეის მდგომარეობა განაპირობებს — დაძაბული ურთიერთობა მეზობელ ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც ბირთვულ იარაღსაც ფლობს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, კორეული ბოიბენდის წევრებს საშუალება მიეცათ, ჯარში წასვლა გადაევადებინათ 30 წლამდე. თუმცა, მას შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ისედაც აპირებდა პაუზის აღებას, მისი წევრები კი — ინდივიდუალურ პროექტებზე კონცენტრირებას.

BTS ბოლო წლებში ყველაზე წარმატებული მუსიკალური ჯგუფია მსოფლიოში. ბენდი, რომელმაც ათობით მილიონი ალბომი გაყიდა, ჟურნალმა Time-მა 2019 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაც დაასახელა. K-pop ჯგუფს სამშობლოში ბევრი ეროვნულ საგანძურად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ მოითხოვდა ზოგიერთი კანონმდებელი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესში მათთვის გამონაკლისი დაშვებულიყო, რათა ბენდს კარიერა განეგრძო. ქვეყანაში ამგვარი გამონაკლისების დაშვება შესაძლებელია გამორჩეული ხელოვანებისათვის, სპორტსმენებისა და მუსიკოსებისთვის.

თუმცა, საბოლოოდ, ჯგუფის წევრები გაწვევას დათანხმდნენ. ამდენად, BTS გაერთიანებას რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც ვერ მოახერხებს. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯგუფს კარიერის გაგრძელება არმიაში ყოფნის პერიოდშიც შეეძლება; თუმცა, ბენდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს, სავარაუდოდ, 2025 წლამდე ვერ მოხერხდება.