ცნობილი შექსპიროლოგი ტეილორ სვიფტს

ცნობილი შექსპიროლოგი ტეილორ სვიფტს "ლიტერატურის ბუმბერაზს" უწოდებს

ცნობილი ბრიტანელი აკადემიკოსი და შექსპირის მკვლევარი, სერ ჯონათან ბეიტი, ამერიკელი პოპვარსკვლავისა და სიმღერების ავტორის, ტეილორ სვიფტის, პოეტურ ნიჭს უსვამს ხაზს. ბეიტმა ჟურნალ The Sunday Times-ისთვის დაწერილ სტატიაში სვიფტს "ლიტერატურის ბუმბერაზი" უწოდა და მომღერლის შემოქმედება ლირიკულ ჭრილში გააანალიზა.

სტატიაში შექსპიროლოგი წერს, რომ სვიფტის კონცერტზე დასწრება მის ცხოვრებაში "ერთ-ერთი საუკეთესო ღამე" იყო, ხოლო ამერიკელი პოპვარსკვლავი "მაღალი კლასის შოუბიზნესზე" მეტს წარმოადგენს.

"როცა მისი სიმღერების ტექსტებს ვუსმენდი, რომლებიც აღტაცებულმა აუდიტორიამ ზეპირად იცოდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმ აზრში, ჯერ კიდევ 15 წლის წინ რომ გამიჩნდა: ტეილორ სვიფტი მხოლოდ მაღალი კლასის შოუბიზნესი კი არ არის, ნამდვილი პოეტიცაა", — წერს ბეიტი.

ლიტერატურის მკვლევარს მაგალითად სვიფტის ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი Love Story მოჰყავს, რომლის ტექსტშიც ალუზიაა შექსპირის რომეო და ჯულიეტზე. ბეიტის თქმით, მომღერალზე ინგლისელმა პოეტმა და დრამატურგმა დიდი გავლენა მოახდინა და დასაფასებელია სვიფტის მცდელობა, შექსპირისეული თემები თანამედროვე აუდიტორიას ახლებური ინტერპრეტაციით მიაწოდოს. შექსპიროლოგი ამბობს, რომ სვიფტის ალბომს Fearless უორვიკის უნივერსიტეტში თავისი სტუდენტებისთვის იმის საჩვენებლად იყენებდა, თუ როგორ ადაპტირდა უილიამ შექსპირის შემოქმედება წლების განმავლობაში.

ამასთან, სერ ჯონათანი ხაზს უსვამს, რომ ტეილორ სვიფტის სიმღერების ტექსტებში ასევე მოიძებნება ალუზიები სხვა დიდი მწერლების შემოქმედებაზე, მათ შორის, ერნესტ ჰემინგუეის, რობერტ ფროსტისა და ემილი დიკინსონის ტექსტებზე.

"გამოჩენილი კრიტიკოსისა და პროფესორის, სერ ქრისტოფერ რიკსის, მუდმივმა მხარდაჭერამ ბობ დილანს, საბოლოოდ, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მოუტანა", — აღნიშნავს ბეიტი, — "დარწმუნებული არ ვარ, რომ ჯერჯერობით ასეთივე ხმამაღალი ვიქნები ტეილორ სვიფტზე, თუმცა, მისი პოტენციალი უსაზღვროა".

მსოფლიოში გაყიდული 200 მილიონი ჩანაწერით ტეილორ სვიფტი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. იგი სპოტიფაიზე ყველაზე პოპულარული მომღერალი ქალია და ერთადერთი შემსრულებელი, რომლის ხუთი ალბომი აშშ-ში მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა.