მეცნიერები ელექტრონიკაში ახალ მიმართულებას აქტიურად იკვლევენ, რასაც შეუძლია უსაფრთხოდ აკონტროლოს ჩვენი ჯანმრთელობა სხეულის შიგნიდან. ზოგადად, ამ მინიატურული სამედიცინო გაჯეტების ენერგიით გამოკვება მარტივი არ არის.
და აი ახლა, გამოჩნდა სრულიად ახალი ტიპის ბატარეა, რომელიც შეიძლება პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმაროს. ბატარეა დამზადებულია სრულად საკვები ნივთიერებებისგან, ის უსაფრთხოდ იშლება კუჭში, როგორც კი თავის მოვალეობას შეასრულებს.
ახალ კვლევაში ასახული მოწყობილობის პროტოტიპი მუშაობს უვნებელ 0,65 ვოლტზე და უზრუნველყოფს დენის 48 მიკროამპერს 12 წუთის განმავლობაში. ეს ის დიაპაზონია, რომელიც საჭიროა პატარა ელექტრონიკისთვის ენერგიის მისაწოდებლად.
ეს არის პირველი ფუნქციონალური დატენვის ბატარეა, რომელიც შეიძლება მიირთვათ როგორც საკვები. მის კომპონენტებში შედის ვიტამინი რიბოფლავინი (მისი "უარყოფითი" ბოლო) და დანამატი კვერცეტინი, როგორც კათოდი ("დადებითი" ბოლო).
ელექტროლიტი (რომელიც წარმოქმნის ელექტრულ მუხტს) მზადდება წყალზე დაფუძნებული ხსნარისგან, ხოლო გამყოფი (რომელიც ხელს უშლის მოკლე ჩართვას) დამზადებულია ნორისგან, ზღვის მცენარეებისგან, რომელსაც სუშის რესტორნებში შეხვდებით.
გააქტიურებული ნახშირი, რომელიც ხშირად გამოიყენება მოწამვლის სამკურნალოდ, შედის ელექტრული გამტარობის გასაზრდელად, ხოლო გარე კონტაქტები, რომლებიც ელექტროენერგიას სხვა მოწყობილობაზე გადასცემს, დამზადებულია ფუტკრის ცვილისგან.
"ჩვენ ამით არ დავკმაყოფილდებით. უკვე დავიწყეთ ბატარეების სიმძლვრის მომატებაზე მუშაობა, ასევე მნიშვნელოვანი ზომების შემცირებაც", — ამბობენ შემქმნელები.
თუ ოდესმე გამოგიყენებიათ კამერა ან სხვა მოწყობილობა, რომელიც თქვენს ორგანიზმში მოთავსდა, გეცოდინებათ, რომ ეს სკანირება — მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების მონიტორინგისთვის — არ არის ყველაზე კომფორტული გამოცდილება. და აი სწორედ აქ დაგვეხმარება ხსენებული ტექნოლოგიები.
მეორე სურსათის ხარისხის მონიტორინგის სფეროა: მოწყობილობების გამოყენება შესაძლებელია იმის შესამოწმებლად, რომ საკვები პროდუქტები უსაფრთხოა და მოთხოვნილ სტანდარტებს შეესაბამება.
"ჩვენი მიღწევა იმის დასტურია, რომ ტექნოლოგია შეიძლება დამზადდეს უფრო უსაფრთხო მასალისგან, ვიდრე ამჟამინდელი ლითიუმის იონური ბატარეებია", — ამბობს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, ივან ილიჩი, მდგრადი ენერგიის შენახვის მეცნიერი იტალიური ინსტიტუტიდან.