თუკი 2000-იანი წლების თაობას ჰარი პოტერის სერიალის გარდა რამე სიახლე გაახარებდა, ეს ნამდვილად ბელასა და ედვარდის ისტორიის ახალი ეკრანიზაციაა. ჰოდა, ჯერ პირველის გარშემო ატეხილ ხმაურს არ ჩაუვლია, რომ უკვე ბინდის სერიალზე ცნობები გავრცელდა...
გავლენიანი ამერიკული გამოცემის, The Hollywood Reporter-ის ცნობით, კინოკომპანია Lionsgate ახლა სწორედ სტეფანი მეიერის ვამპირული საგის ახალ, სატელევიზიო ეკრანიზაციაზე მუშაობს. THR თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კომპანია ამჟამად პროექტისთვის შემოქმედებით გუნდს ეძებს. ამ ცნობებითვე ვიგებთ, რომ ბინდის სერიალად ქცევაში ჩართული იქნება სტეფანი მეიერიც, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერების როლებს უიკ გოდფრი და ერიკ ფიგი მოირგებენ — ორივე მათგანს საგის კინოეკრანიზაციაზე უმუშავია. თუმცა, სხვა მხრივ, გეგმები ჯერჯერობით ადრეულ ეტაპზეა და, შესაბამისად, დაახლოებითი ვადებიც არაა ცნობილი.
ამის მიუხედავად, The Hollywood Reporter-ის ექსკლუზიური ცნობები, როგორც წესი, მართლდება ხოლმე. მაგალითად, ჰარი პოტერის სერიალის შესახებ გამოცემა ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისში იტყობინებოდა, ამბავი კი სულ ახლახან დადასტურდა კიდეც.
რაც შეეხება ბინდის საგას — სტეფანი მეიერის ბესტსელერი სერიის მიხედვით გადაღებულმა ხუთმა ფილმმა, სადაც მთავარი როლები რობერტ პატინსონმა, კრისტენ სტიუარტმა და ტეილორ ლოტნერმა შეასრულეს, მსოფლიოში ჯამურად $3,4 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. კინოსერიის ბოლო ნაწილის პრემიერა 2012 წელს შედგა, თუმცა, საგა პოპულარობას ახალ თაობაშიც ინარჩუნებს.
მეიერმა ბინდის საგის პირველი რომანი 2005 წელს გამოსცა. სერიის ოთხწიგნეული 37 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა, რამაც მწერალს $125-მილიონიანი შემოსავალი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ავტორის სახელი მოუტანა. სულ რამდენიმე წლის წინ მეიერმა საგის კიდევ ერთი წიგნი, დიდი ხნის წინ დაწყებული და დაუსრულებელი რომანი შუაღამის მზე გამოსცა და განაცხადა, რომ ბელასა და ედვარდის ამბავთან დაკავშირებული კიდევ ორი წიგნის დაწერას აპირებს.