"ოცნება” – ,,გორში მეორე ადგილზე ნაციონალები გავლენ” (Video)

,,მიგვაჩნია, რომ გორში საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გავა. ამის მიზეზი მათი ფინანსური შესაძლებლობებია, რომელიც არ ჩანს, მაგრამ რეალურად არსებობს. ისიც მინდა გითხრათ, რომ არაოფიციალურად ნაციონალებს სამი ოფისი აქვთ გორში” – ასე უთხრა პარტია ,,ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ გოგინაშვილმა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელს ია ანთაძეს გორში გამართული შეხვედრის დროს.


მიშა გოგინაშვილს მიაჩნია, რომ ნინო ბურჯანაძეს გორში დაბალი რეიტინგი აქვს: ,,არჩევნებში გამარჯვების შანსი, ძირითადად, პარტიულ აქტივობებზეა დამოკიდებული. ხელისუფლებაზე განაწყენებული ხალხი არჩევნებზე არ წავა. ქართულ ოცნებაში ყოფნა კი მსუყე ლუკმაა ბევრისთვის. პირველ ადგილზე გიორგი მარგველაშვილი გავა, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე. ნინო ბურჯანაძეს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს” – დასძინა გოგინაშვილმა.

შეხვედრაზე ექსპერტ ფირალიშვილის სტატიაც ახსენეს, რომლის მიხედვით კოალიცია ,,ქართულ ოცნებას’ არჩევნების პირველ ტურში, მეორე ადგილზე, დავით ბაქრაძის ხილვა სურს.

ია ანთაძე ასევე დაინტერესდა გორში კოალიცია ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური მდგომარეობით. მიშა გოგინაშვილმა დაუდასტურა, რომ კოალიციაში, ამჟამად, არეული სიტუაციაა.

,,ჰო და, ცუდ დროს აირიეთ” – უპასუხა ია ანთაძემ. ,,ძალიან მნიშვნელოვანია, გაირკვეს, კოალიციაში შემავალი პარტიებიდან, ვინ იქნება აქ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ზოგადად, სხვა რაიონებშიც ასეთი მდგომარეობაა” – უთხრა ია ანთაძემ გოგინაშვილს.

,,შტაბის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ბრძოლა მიმდინარეობს” – აცხადებს მიშა გოგინაშვილი. ,,სხვადასხვა გავლენები მოქმედებს. შეიძლება ითქვას, ერთიანი საკოორდინაციო შტაბიც კი არ არსებობს.” – განმარტავს გოგინაშვილი.

ია ანთაძე დაინტერესდა, რას ფიქრობენ ადგილობრივი კოალიციის წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას გულისხმობს. მიშა გოგინაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კოალიცია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და მთავარმა ძალამ ეს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად განაცხადა.

,,ჩემი აზრით, საერთაშორისო პოლიტიკური საზოგადოებისთვის ქვეყნის სათავეში მილიარდერის ყოფნა მიუღებელია. სწორედ ამის გამო თქვა ეს ბიძინა ივანიშვილმა, რომ წავიდოდა პოლიტიკიდან, მაგრამ არ წავა” – იმედი აქვს გოგინაშვილს.

,,აქ ისევ ელჩების საკითხთან მივდივარ. ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ივანიშვილი არჩევნების შემდეგ წავა. პრემიერი ელჩს არ მოატყუებს. ასე, რომ გაითვალისწინეთ, რომ ის პოლიტიკიდან მიდის” – გააფრთხილა ია ანთაძემ კოალიციის წევრები.

შეხვედრაზე პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” ადგილობრივმა წარმომადგენელმა ხათუნა ხათანაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა:

,,გორში ის ბრძოლა, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში დაიწყო, დღესაც გრძელდება. დაუსაქმებელია ის განათლებული და ნიჭიერი ხალხი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად იბრძოდა. მე არ ვამბობ, რომ ყველა აქტივისტი უნდა დასაქმედეს. გამოვლინდეს კონკურსით და დაუმტკიცეთ იმ ხალხს, რომ ვინც დანიშნეს, უფრო მაღლა დგას. სოფლის რწმუნებულად ისეთი ხალხი დანიშნეს, დღემდე განმარტება არავინ გააკეთა, რა ნიშნით შეარჩიეს ისინი” – განაცხადა ხათუნა ხათაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს 19 აგვისტოს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა შეკრებილ საზოგადოებას ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ფილმი ,,ცხელი არჩევნები” უჩვენა, რომლის შემდეგ დარბაზში დისკუსია წარიმართა.