თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოცხადა.
პროკურორ ირაკლი მარშანიას განმარტებით, სოსო გოგაშვილი სასამართლომ ხუთივე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ. მისივე თქმით, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო გამამტყუნებელი განაჩენი. „უამრავი მტკიცებულება იყო და ცალსახად დასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა დანაშაულები“, – განაცხადა პროკურორმა.
ადვოკატი კი განაჩენს უსამართლოს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს.
მას ბრალდება წარედგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).