„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ არ იღებს საჭირო კალორაჟის საკვებს.
მისივე თქმით, პაციენტს ჩაუტარდა რამდენიმე სახის კვლევა, რითაც საკვების არმიღებასთან დაკავშირებით რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი გამოირიცხა.
„საკმაოდ რთულია კვებასთან დაკავშირებული საკითხი. ერთ-ერთი რთულია ამ კონკრეტული პაციენტის მართვი პროცესში. ვერ იღებს თუ არ იღებს საკვებს – ჩვენ ჩავატარეთ არაერთი კვლევა, სადაც გამოირიცხა რაიმე წინააღმდეგობის ან ხელისშემშლელი პირობის არსებობა საკვების არმიღებასთან დაკავშირებით.
ასევე ენდოკრინოლოგიური კუთხით ჩაუტარდა კვლევა, საიდანაც მიღებულ იქნა დასკვნა, რომ არ არსებობს რაიმე წინაპირობა, რომელიც შეიძლება, პროცესის ხელშემშლელი ფაქტორი იყოს, თუმცა მაინც იგივე გრძელდება. მაინც არ ხდება ჩვენ მიერ შეთავაზებული კალორაჟის მიღება, რომელიც სულ მცირე 1700-მდე კალორიის ფარგლებშია. დღე-ღამის განმავლობაში იღებს 400-450 და მაქსიმუმ 500 კალორიას“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.