მკვლევრებმა და ვინჩის ნამუშევრების საიდუმლო ინგრედიენტი აღმოაჩინეს — რას ურევდა მხატვარი საღებავში?

მკვლევრებმა და ვინჩის ნამუშევრების საიდუმლო ინგრედიენტი აღმოაჩინეს — რას ურევდა მხატვარი საღებავში?

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რენესანსის პერიოდის სახელგანთქმული მხატვრები — მათ შორის, ლეონარდო და ვინჩი და სანდრო ბოტიჩელი — სავარაუდოდ, ზეთის საღებავებში კვერცხის გულს ურევდნენ. ამ მეთოდს ისინი ნამუშევრების ნესტისაგან დასაცავად, ასევე დანაოჭებისა და სიყვითლისგან თავის ასარიდებლად მიმართავდნენ. ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

საგულისხმოა, რომ შედევრებში ცილის ნარჩენები აქამდეც შეუნიშნავთ, თუმცა ახალი ნაშრომი მოწმობს, რომ, დიდი ალბათობით, კვერცხს საღებავში განზრახ ურევდნენ. შესაძლოა, ამ ოსტატთა სამხატვრო ტექნიკების შესწავლა სხვა ფასდაუდებელი ნამუშევრების უკეთ შენახვაშიც დაგვეხმაროს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზეთის საღებავებში კვერცხი ანტიოქსიდანტის ფუნქციას ასრულებს და საღებავის გამაგრებას აბრკოლებს — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს კომბინაცია მის გადაგვარებას უშლის ხელს.

"ამის შესახებ ძალიან ცოტა წერილობითი წყარო არსებობს, აქამდე კი არანაირი სამეცნიერო კვლევა არ ჩატარებულა საკითხის ასე დაწვრილებით შესასწავლად", — CNN-თან საუბრისას აცხადებს ოფელი რანკიტი, კვლევის ავტორი კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან — "შედეგები აჩვენებს, რომ სულ მცირე რაოდენობის კვერცხის გულითაც კი შეგიძლიათ, ზეთის საღებავში თვისებების გასაოცარი ცვლილება იხილოთ, რაც აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო ეს ხელოვანებისთვის".

მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ რა გავლენა აქვს ზეთის საღებავში ყვითრის ცილების გამოყენებას. მათ დაადგინეს, რომ ნოტიო გარემოში საღებავს კვერცხის პროტეინები აკავებდა წყლის შეწოვისგან.

კვლევის თანახმად, ნამუშევრის გაშრობის დროს ინგრედიენტი გაყვითლებასა და დანაოჭებასაც უშლიდა ხელს — "პრობლემას, რომელსაც ლეონარდო და ვინჩიც კი აწყდებოდა".

მაშასადამე, როგორც ნაშრომში ვკითხულობთ, ასე "მოგვცეს ხელოვანებმა შანსი, მათი შედევრებით დღემდე დავმტკბარიყავით" — კვერცხის გულის მეშვეობით.