შაკირა ესპანეთს ტოვებს — როგორც კოლუმბიელი მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, იგი თავის შვილებთან ერთად აპირებს ბარსელონიდან გადასახლებას. შაკირას თქმით, იგი "მსოფლიოს სხვა კუთხეში", მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ზღვასთან ახლოს განაგრძობს ცხოვრებას.
"მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად უამრავი ტალღა გადაცურა ბარსელონაში — ქალაქში, სადაც ვისწავლე, რომ მეგობრობა უდავოდ უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სიყვარული", — წერს პოპვარსკვლავი, — "მადლობა ყველას, ვინც აქ ყოფნისას მამხნევებდა, ცრემლებს მიმშრალებდა, მოტივაციას მაძლევდა და გაზრდაში მეხმარებოდა".
შაკირა ბარსელონაში ყოფილ პარტნიორთან, ფეხბურთელ ჟერარდ პიკესთან, და თავიანთ შვილებთან, 9 წლის მილანთან და 7 წლის საშასთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, წყვილი რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შარშან ზაფხულს დაშორდა.
შაკირას და პიკეს ურთიერთობის დასრულებას მსოფლიო მედიის გამძაფრებული ყურადღება ერთოდა თან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მომღერალმა გამოუშვა სიმღერა, რომელშიც ყოფილ პარტნიორს დასცინის.
ახალმა სიმღერამ, რომელშიც შაკირა ჟერარდ პიკეს მასხრად იგდებს, იუთუბზე რეკორდი მოხსნა.
შაკირასთან დაშორების შესახებ ცოტა ხნის წინ თავად პიკემაც ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, ახლა მისი, "როგორც მამის, მოვალეობა შვილების დაცვაა".
"პრობლემა ისაა, თუ როგორ აღიქვამს ხალხი რაღაცებს და როგორ ფუთავს მედია ამას", — აღნიშნავს პიკე, — "ისევ იმას ვაკეთებ, რაც მინდა, საკუთარი თავის ერთგული ვრჩები და არ ვაპირებ, ფული სახელის გაწმენდას დავახარჯო".