გვინეტ პელტროუ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და მოთხოვნილი $1 მიანიჭა

გვინეტ პელტროუ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და მოთხოვნილი $1 მიანიჭა

ჰოლივუდის მსახიობ გვინეტ პელტროუს 2016 წლის სათხილამურო შეჯახების შემდეგ ტერი სანდერსონმა სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ მსახიობმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. სანდერსონი პელტროუს $300,000 ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა. პელტროუმ საპასუხოდ თავადაც წარადგინა სასამართლოში შესაგებელი და $1-ის ანაზღაურება მოითხოვა, რაც სასამართლომ დაუკმაყოფილა მას შემდეგ, რაც უდანაშაულოდ ცნო.

სასამართლო პროცესი 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც საზოგადოებამ ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორიები მოისმინა იმის შესახებ, თუ ვინ ვის შეეჯახა.

სანდერსონი აცხადებდა, რომ შეჯახების შედეგად დაშავდა, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ გვინეტმა განაცხადა, რომ შეჯახების შემდეგ სანდერსონი გონზე იყო და მას ბოდიშიც კი მოუხადა. პელტროუს ადვოკატმა კი სანდერსონს ის ადგილები ჩამოუთვალა, სადაც ინციდენტის შემდეგ მომჩივანმა იმოგზაურა.

სასამართლო განაჩენის მოსმენის დროს პელტროუ მხოლოდ მოსამართლეს უყურებდა და მსუბუქად უქნევდა თავს, შემდეგ კი სასამართლო დარბაზიდან გავიდა. მსახიობი ორიოდე წუთით მისტერ სანდერსონთან დასალაპარაკებლადაც შეჩერდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გვინეტმა კაცს უთხრა — "ყველაფერს კარგს გისურვებთ," რაზეც სანდერსონმა უპასუხა — "გმადლობ, ძვირფასო."

მსახიობმა მოგვიანებით განაცხადა, რომ შედეგით კმაყოფილი იყო და მოსამართლესა და 8 ნაფიც მსაჯულს მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულებს სამი საათი დასჭირდათ, რათა სანდერსონი ბრალეულად ეცნოთ და გვინეტ პელტროუს სასარგებლოდ სიმბოლური 1 დოლარის ანაზღაურება და სასამართლო ხარჯები დაეკისრებინათ.