ილონ მასკი, სტივ ვოზნიაკი და ათასზე მეტი ექსპერტი ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობის შეჩერებას ითხოვენ

ილონ მასკი, სტივ ვოზნიაკი და ათასზე მეტი ექსპერტი ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობის შეჩერებას ითხოვენ

Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, Apple-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა და ათასზე მეტმა ექსპერტმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც მძლავრი ხელოვნური ინტელექტის შემუშავების შეჩერებას ითხოვენ. წერილი სიცოცხლის მომავლის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.

წერილის ავტორები პროგრამისტებს მოუწოდებენ, სულ მცირე ნახევარი წლით შეაჩერონ კომპანია OpenAI-ის ნეიროქსელ GPT-4-ზე მძლავრ სისტემებთან მუშაობა, მანამ, სანამ უსაფრთხოების საერთო პროტოკოლები არ შეიქმნება. მათივე თქმით, თუ მუშაობის შეჩერება სწრაფად ვერ მოხერხდება, პროცესში „ხელისუფლება უნდა ჩაერთოს და მორატორიუმი გამოაცხადოს“.

წერილის ავტორების თვლიან, რომ „მძლავრი ციფრული გონებების“ შემქმნელებს მათი გაკონტროლება არ შეუძლიათ, ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე სისტემები კი ადამიანთან იწყებენ კონკურირებას.

„საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ: უნდა მივცეთ თუ არა მანქანებს უფლება დატბორონ ჩვენი საინფორმაციო არხები პროპაგანდითა და სიცრუით? გავხადოთ ავტომატიზებული ყველა საქმიანობა, მათ შორის ის, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს? განვავითაროთ არაადამიანური გონენები, რომლებმაც, შესაძლოა, საბოლოო ჯამში რაოდენობით გვაჯობონ და შეგვცვალონ? დავაყენოთ რისკის ქვეშ ჩვენს ცივილიზაციაზე კონტროლის დაკარგვა?“, - აღნიშნულია წერილში.

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა წერილს ხელი არ მოაწერა.