ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა პაპი ფრანცისკეს ფოტო, რომელშიც ფუმფულა თეთრი ქურთუკი აცვია. მოდურად ჩაცმულმა პაპმა ათასობით ადამიანი მოატყუა, რადგან ფოტო ნამდვილი კი არა, ხელოვნური ინტელექტით, კერძოდ Midjourney-ით შექმნილი ყოფილა.
ფოტო თავდაპირველად Reddit-ზე, კერძოდ, Midjourney-ის საბრედიტზე დადეს, თუმცა მოგვიანებით ის უკონტექსტოდ სხვადასხვა სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. მოტყუებულებს შორის ცნობილი ადამიანებიც კი აღმოჩნდნენ:
"პაპის დუტის ქურთუკი ნამდვილი მეგონა და ამაზე ზედმეტად არც კი დავფიქრებულვარ. ტექნოლოგიურ მომავალში ვერ გადავრჩები", — დაწერა მაგალითად კრისი ტეიგენმა.
რომის პაპი ერთადერთი ცნობილი ადამიანი არაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის "მსხვერპლი" აღმოჩნდა. მაგალითად, ერთმა ჟურნალისტმა ტრამპის დაკავების ყალბი ფოტოებიც გაავრცელა, რომლებიც, ისევ და ისევ, Midjourney-ში შექმნეს.
Midjourney-ისთვის მითითებების მიცემა და სასურველი ვიზუალების შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. On.ge-ის მკითხველსაც კარგად ახსოვს ჩვენი სტატიები, რომლებშიც "ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვეთ" და საქართველოს ქალაქები და კუთხეები ქალებად ვაქციეთ.
მსგავსი ფოტოების შექმნა, რა თქმა უნდა, სახალისოა, როცა მათი მიზანი უბრალოდ გართობა და კრეატიული ჩანაფიქრების გავრცელებაა. თუმცა საქმე სერიოზულად მაშინაა, როცა მითითებების გამცემს ვიზუალის შექმნით სხვების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმაციის გავრცელება უნდა.