მიხეილ სარჯველაძე: დიდი სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერ შემოთავაზებას, როგორ გავაუმჯობესოთ ტერმინი „აგენტი“. აქ არ არის მიზანი ვინმესთვის რაღაც კონკრეტული იარლიყის მიწებება

მიხეილ სარჯველაძე: დიდი სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერ შემოთავაზებას, როგორ გავაუმჯობესოთ ტერმინი „აგენტი“. აქ არ არის მიზანი ვინმესთვის რაღაც კონკრეტული იარლიყის მიწებება

დიდი სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერ შემოთავაზებას, როგორ გავაუმჯობესოთ ტერმინი „აგენტი“. აქ არ არის მიზანი ვინმესთვის რაღაც კონკრეტული იარლიყის მიწებება, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ასეთ დეტალებზე დეპუტატებმა მეორე მოსმენის დროს უნდა იმსჯელონ, რომელიც უკვე მას შემდეგ შედგება, რაც „აგენტების ამერიკული კანონის“ ორივე ვერსიას ვენეციის კომისია განიხილავს.

„არ მგონია ვენეციის კომისიამ ტრანსპარენტულობის იდეა გააკრიტიკოს და თქვას, რომ ამ იდეაში რამე ნაკლოვანი და მანკიერია. არ მგონია თქვან, რომ კანადაში კანადურ საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია ამის თაობაზე და ქართულ საზოგადოებას იგივეს უფლება არ აქვს. თუმცა შეიძლება ცალკეულ რეგულაციაზე ჰქონდეთ შეხედულება, რომ სადმე რაღაც დამზღვევი მექანიზმი უნდა ჩაიდოს. მე პირადად, როგორც იურისტი, ინტერესით გავეცნობი ამ დასკვნასაც და იმის მიხედვით უკვე მექნება მეორე მოსმენის ეტაპზე ჩამოყალიბებული პოზიცია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

22 თებერვალს კი „ხალხის ძალამ“ კანონპროექის ალტერნატიული ვერსია - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.