"კონსერვატიული ევროპა თანდათანობით ადგება თავისი რენესანსის გზას და საქართველო ამ პროცესებს შეუერთდება კიდეც, გააძლიერებს და გაამდიდრებს. ყოველ შემთხვევაში - არ იჩქარებს, საკუთარი ღირსებისა და "რენომეს" რისკის ქვეშ დაყენების ხარჯზე"

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„"ხალხის ძალის" ნებისმიერ ოპონენტთან ჩავებმევი დისკუსიაში, თუ რას გაუმკვლავდა პატარა "დავით"-საქართველო ორ "გოლიათ"-რუსეთთან ბრძოლაში, დაწყებული 1801 წლიდან 1990 წლამდე - საიდანაც ორგზის გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა ეს პროცესი არ დასრულებულა და რუსეთის ნეო-იმპერიალისტური ოკუპაციის ქვეშ დღემდე ვიმყოფებით.

მაგრამ, ვერც იმ მოცემულობას დავეთანხმები, რომ სისტემურ კრიზისში მყოფი ევროსტრუქტურები დღეს, 2023 წელს, საქართველოსთვის მიმზიდველ "შუქურას" წარმოადგენენ. ორი სუბიექტის მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრების საფუძველია - პარტნიორების სრული ურთიერთთავსებადობა და პატივისცემა ერთმანეთის საბაზისო ღირებულებების მიმართ. თუ კი ევროკავშირი თვლის, რომ საქართველო მასთან "სინერგიის" მისაღწევად "მოიკოჭლებს" და საჭიროებს შემდგომ განვითარებას, საქართველოსაც გააჩნია სრული უფლება, თავისი პარტნიორის ეს მოთხოვნები გაატაროს საკუთარი საბაზისო ფასეულობების ფილტრში.

თუ ისე მოხდა, რომ ამ ფილტრმა საქართველოსთვის რისკის შემცვლელი პროცესები გამოაშკარავა - ურთიერთობების ამ ეტაპზე პრობლემა რაშია? მოუმზადებელი და ნაჩქარევი კავშირის დამყარებას, სჯობს პარტნიორებს მიეცეს დამატებითი დრო, რომელიც მინიმალური რისკების შემცვლელ მოცემულობას გამოაშკარავებს. დღეს ევროსტრუქტურების საფუძვლიანი რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ პირინეის ნახევარკუნძულზეც, საფრანგეთშიც, გერმანიასა და იტალიაში, ბალკანეთსა და სკანდინავიაში.

საქართველო არც ჩქარობს და არც ჩამორჩება მოვლენებს კონსტიტუციაში დეკლარირებული ევროინტეგრაციის გზაზე. ასე ხდება ხოლმე, რომ ორი პარტნიორიდან - ერთ-ერთი აშკარად არაა მზად ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარებისთვის, ხოლო მეორე პარტნიორს გააჩნია საკმარისი დრო და მოთმინება, რომ "შეუღლების" თარიღს მომზადებული მიუახლოვდეს. დღეს ამ თარიღამდე არც საქართველოა ახლოს და არც ევროკავშირი - დაველოდოთ. თუ ვინმე არ მეთანხმება - სტატუსმინიჭებულ მოლდოვაში ერჩივნოს ცხოვრება სტატუსმიუღებელ საქართველოსთან შედარებით.

როდესაც საქართველოს პრემირ-მინისტრი გამოთქვამს თავის ღრმა რწმენას, რომ ადრე თუ გვიან, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი - ამაში მხოლოდ პოლიტიკურად ავადმყოფ ტვინში შეიძლება იქნას ამოკითხული "რუსული ოცნება". საქართველოს ევროპასთან შეუღლების "მზითევი" - არ ხურდავდება და არ ექვემდებარება ტრანსფორმაციას. ქრისტიანულ ტრადიციებს მოწყურებული, კონსერვატიული ევროპა თანდათანობით ადგება თავისი რენესანსის გზას და საქართველო ამ პროცესებს შეუერთდება კიდეც, გააძლიერებს და გაამდიდრებს. ყოველ შემთხვევაში - არ იჩქარებს, საკუთარი ღირსებისა და "რენომეს" რისკის ქვეშ დაყენების ხარჯზე.

სად არის ამ მსჯელობაში "რუსეთუმობა"? რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა შესაძლებელია დალაგდეს მხოლოდ ერთადერთ საკითხზე: დეოკუპაცია და ისტორიული, სახელმწიფოებრივი სამართლიანობის აღდგენა - ქართველების, აფხაზებისა და ოსების მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველზე. რაც შეეხება ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს - ყველაფერია შესაძლებელი ქრისტეში. ხოლო ქრისტეს გარეშე - არც საქართველო მინდა“.