„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ არ ჩადიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში.
„არის სამწუხარო ვითარება ჩამოყალიბებული. უკრაინელ ხალხს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, რა თქმა უნდა, და ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მაგრამ ხელისუფლების ნაბიჯები არის პირდაპირ მიმართული, მათ შორის უკრაინელი ხალხის სუბიექტური ნების წინააღმდეგ. როდესაც ქართველ ხალხს, საქართველოს პირდაპირ მოუწოდებენ მეორე ფრონტისკენ. როდესაც სამარცხვინო ტყუილს ავრცელებენ იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება კლავს მიხეილ სააკაშვილს და ა.შ. როდესაც ასეთი ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებენ უმაღლეს დონეზე მეორე ფრონტისკენ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ოფიციალური ფორმატით ვიზიტი არის წარმოუდგენელი. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია არ გვიტოვებს შანსს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, როდესაც ჯო ბაიდენი ჩავიდა კიევში და დასავლეთის ლიდერები აპირებენ იქ ჩასვლას, ქართული ხელისუფლების პოზიცია, რომ არ ჩავა კიევში და არ დაუჭერს მხარს უკრაინას, როდესაც ამ ორ ქვეყანას საერთო მტერი ჰყავს, აზიანებს თუ არა ქვეყნის ინტერესებს, კობახიძე ასე პასუხობს:
„უკრაინა არ მოუწოდებს ამ ქვეყნებს მეორე ფრონტისკენ და არ აბრალებს ამ ქვეყნებს, რომ მათი ხელისუფლება აწამებს ვიღაცას საპატიმროში. არ აბრალებს ასევე, რომ სანქციებს გვერდს უვლის და მერე მტკიცდება, რომ თურმე ეს ყოფილა ტყუილი, ასეთ რაღაცებს უკრაინის ხელისუფლება არ აკეთებს ამ ქვეყნების წინააღმდეგ“.