საქართველო დღეს არის იშვიათი გამონაკლისი დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც არ მოუწვევია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართვისთვის, ეს არის ძალიან სირცხვილი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, გუშინ ყველამ იხილა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავისუფალი მსოფლიოს დედაქალაქში როგორი ოვაციით შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.
„მიმაჩნია რომ ამ ქვეყნის და ამ პარლამენტის სირცხვილია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მოწვეული ყოფილიყო სიტყვით გამოსვლისთვის ჩვენს პარლამენტში, ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, თქვენ დღემდე ვერ გაბედეთ ამის გაკეთება. დღეს საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც არ მოუწვევია პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით მიმართვისთვის, ეს არის ძალიან სირცხვილი“, – განაცხადა სამადაშვილმა.