„უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“. საგარეო უწყების პრეს-სპიკერის ეს განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ საყურადღებო გზავნილია. მმართველი გუნდის შეფასებით, ამით კიევი ოფიციალურად ამბობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი არ აქვს, თუმცა კარგი იქნება, თუ იმ განცხადებებსაც გაემიჯნებიან, რომელიც მანამდე ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნისგან ისმოდა.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მინდა შევახსენო მათივე მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში გვესმოდა, მათ შორის საქართველოში ომის დაწყებასთან დაკავშირებით. თუ ისინი ამ განცხადებებს არ ეთანხმებიან და ემიჯნებიან, ძალიან კარგი, ძალიან მოხარულები ვართ და მაშინ სხვა რამესთან გვქონია საქმე. მაგრამ ჩვენ არ მოგვისმენია თუნდაც უკრაინის საგარეოსგან, რომ ისინი ემიჯნებიან პოდოლიაკის, არესტოვიჩის ან დანილოვის განცხადებებს. თუ პოდოლიაკი და არესტოვიჩი არ არიან ოფიციალური პირები, მაშინ ამაზეც სიამოვნებით მოვისმენდით უკრაინის საგარეოსგან განმარტებას, რომ ვიცოდეთ ვინ ლაპარაკობს უკრაინის სახელით“, - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.