მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას, რომელიც მიხელ სააკაშვილს ეხება. „ქართული ოცნების“ აღმსრულებელი მდივნის თქმით, ეს უხეში ჩარევაა ქვეყნის შიდა საქმეებში.
„როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებენ, ფეიკ-კამპანიაზე, სიმულაციებზე და მანიპულაციაზე დაყრდნობით, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს საქართველომ, რომელიც არ შეიძლება, რომ იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და კონკრეტულად მართლმსაჯულების შიგნით გადასაწყვეტი საკითხია, ეს, რა თქმა უნდა, უხეში ჩარევაა [ქვეყნის შიდა საქმეებში]. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ზედმეტ კომენტარს არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც დღეს არის ომში. როდესაც ისინი ამგვარ მოქმედებებს ჩაიდენენ, ჩვენ იძულებულები ვხდებით ვუპასუხოთ. არცერთი ჩვენი რეაქცია, არცერთი ჩვენი განცხადება არ ყოფილა პროაქტიული. არ დაგვიწყია არანაირ მსგავს თემაზე ჩვენ საუბარი. ყოველთვის გვიწევს პასუხების გაცემა და თუ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ არის ხოლმე თავდასხმა, პირდაპირი მოწოდება ომისკენ, შიდა საქმეებში, მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა ჩვენ არანაირ პროაქტიულ ღონისძიებას არ ვატარებთ, არანაირ განცხადებას არ ვაკეთებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. „გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში. სწორედ - ახლა არის ამ კეთილი ნაბიჯის გადადგმის დრო“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმა.