მგონია, რომ საქართველოში ვეღარ უნდა დარჩეს პოლიტიკური ძალა, რომელიც გარისკავს იმას, რომ შეგნებულად ჩააგდოს ევრორეკომენდაციით გათვალისწინებული რომელიმე პუნქტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევრორეკომენდაციების ყველა პუნქტი, რომლის შესრულებაც მხოლოდ მმართველ გუნდზე იყო დამოკიდებული, პრაქტიკულად შესრულებულია.
„დღეს, თუ დააკვირდებით, თუკი რომელიმე პუნქტის შესრულება მხოლოდ მმართველ გუნდზე იყო დამოკიდებული და ამაში ოპოზიციასთან კონსენსუსი არ გვჭირდებოდა, პრაქტიკულად ყველა პუნქტი შესრულებულია. რჩება მხოლოდ იმ პუნქტების შესრულება, რომელიც დამოკიდებულია არა მხოლოდ მმართველ გუნდზე, არამედ მათ შორის ოპოზიციაზეც. აქედან გამომდინარე, ეს არის მთავარი ინდიკარორი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მგონია, რომ 2023 წელს, როდესაც მოახლოვდება შესრულების ვადა იმ რეკომენდაციების, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან, ჩვენი მეგობრებისგან გვაქვს, მგონია, რომ პოლიტიკური რისკის აღება საკუთარ თავზე, რომ თან ჩააგდონ და თან მხოლოდ პიარულად სხვას დააბრალონ, ამის რესურსი არ ექნებათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.