სამწუხაროდ, გამართლდა ის ვარაუდები, რაზეც ადრეც გვისაუბრია, რომ ოპოზიცია გაატარებდა საკუთარ დღის წესრიგს და თუკი ვინმეს დღის წესრიგში დღეს შედის, რომ მყისიერად არ ჰყავდეს ახალი სახალხო დამცველი საქართველოს, ეს არის რა თქმა უნდა, ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“, რამეთუ ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე სწორედ ძველი სახალხო დამცველი შეინარჩუნებს სტატუსს, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ნამდვილად არ იქნება ტრაგედია თუ ქვეყანა ახალ ომბუდსმენს სწრაფად ვერ აირჩევს, რადგან ევროკომისიის მიერ რეკომენდაციების შესრულების შეფასებამდე დრო კიდევ არის და წარუმატებლობის შემთხვევაში პარლამენტი საკითხს საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე მიუბრუნდება.
„ოპოზიცია რომ ძალიან არ არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველომ მყარი ნაბიჯებით იაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების გზაზე, რომ არ მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფებში, ეს ხომ ცხადია? ის, რომ დეპოლარიზაცია - უმთავრესი მოთხოვნა ევროკავშირიდან - შეუძლებელია მხოლოდ მმართველი გუნდის სურვილით მოხდეს და ამაში აქტიური როლი ოპოზიციამ უნდა შეასრულოს, ის კი ამისთვის არაფერს აკეთებს, პირიქით, უფრო მეტად აღრმავებს პოლარიზაციას, ესეც ხომ კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის? რატომ უკვირს საზოგადოებას, რომ ამ კუთხითაც ოპოზიციას საკმაოდ ცუდი, არასწორი, ნეგატიური პოზიცია აქვს დაკავებული და საკუთარი მიკერძოებული კანდიდატების მხარდაჭერით ფაქტობრივად ბლოკავს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს“, - განაცხადა მათიკაშვილმა
მათიკაშვილი ამბობს, რომ არ სურს ბოლომდე პესიმისტურ განწყობა ჰქონდეს და თეორიულ შანსს არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში ახალ სახალხო დამცველს ხუთშაბათს აირჩევს, თუმცა უფრო რეალურად მიაჩნია, რომ ამ ამოცანას კანონმდებლები უკვე ხალი წლის შემდეგ, პროცესის ხელახლა დაწყებით შეასრულებენ.