ვენეციის კომისიიდან ჩამოვიდა ძალიან დადებითი დასკვნა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პოზიტიურად შეფასდა ბევრი ცვლილება, რომელიც ჩვენ ამ პროექტით გავითვალისწინეთ, მათ შორის რევოლუციური ხასიათის ცვლილებები; იცით თქვენ ელექტრონული მთვლელები იქნება თითქმის ყველგან წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის დასკვნა ნახეს, [ოპოზიცია] ვფიქრობ, პირადი საუბრებიდან გამომდინარე, დარწმუნდნენ, რომ ეს ცვლილებები არის ის, რომელზეც მნიშვნელოვანია იყოს მათი თანხმობა. ვხედავთ სიგნალებსაც, რომ ოპოზიცია მზად არის მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებებს და ვფიქრობ, ეს იქნება კარგი მაგალითი, რომ წლის ბოლოს ვაჩვენოთ ეს თანხმობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა
პარლამენტში „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავენ. განხილვა უკვე დაიწყო. დოკუმენტში ასახულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. სწორედ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაზე დაყრდნობით, მმართველ პარტია ელოდება, რომ დოკუმენტს მხარს ოპოზიციაც დაუჭერს. როგორც იცით, წინასწარი დასკვნით საერთაშორისო ექსპერტებმა საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით შეტანილი ცვლილებები დადებითად შეაფასეს და თბილისში დამატებითი რეკომენდაციები გამოაგზავნეს, რომელიც მეორე მოსმენისთვის დოკუმენტში უკვე აისახა. კენჭისყრა ხვალ უნდა გაიმართოს.