ბოლო 3 კვირაში ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში, მათ შორის, მადრიდში, ლისაბონში, ჰააგაში, ლუქსემბურგში, ბერლინში და ლიუბლიანაში განხორციელდა ვიზიტები, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. ყველა ვიზიტისას წარმოდგენილი იყო ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ კარგად დაინახეს, რას აკეთებს ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, სხვა ვიზიტებშიც, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ, ზუსტად იმავე ენით საუბრობს „ქართული ოცნება“ და იმავე სულისკვეთებით სტუმრობს ევროპული ქვეყნების დედაქალაქებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ევროპაში ვიზიტისას ამბობენ, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს სტატუსი. ყველა ქვეყანაში იყო ერთხმად გამოხატული მხარდაჭერა, რომ: ერთი - საქართველო არის მომავალი გაფართოების ნაწილი და ეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს და კითხვის ნიშნები აღარ არის, მეორე - ყველა გვიდასტურებდა, რომ საქართველო დგას დღეს არსებულ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე წინ ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს შეხვედრები იმართებოდა, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე მთავრობასთან. შევხვდით რამდენიმე ვიცე-პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, კომიტეტების ხელმძღვანელებს. ბევრ შეხვედრაზე ძალიან ღიად ითქვა, რომ შეცდომა იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა ზაფხულში და ეს განცხადებები პროტოკოლურ შეხვედრებზე გაკეთდა და არა ვახშმებზე და ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პარტნიორები უკვე არ ერიდებიან იმის აღიარებას, რომ საქართველოსთვის ზაფხულში კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა იყო შეცდომა“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მან განსაკუთრებით გერმანიის პოზიცია გამოყო, რომელიც მისივე თქმით, გაფართოების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
„გერმანიაში ძალიან ღიად ლაპარაკობენ ახალ ევროპაზე, რომელიც იქნება 36 წევრისგან შემდგარი და ამ 36 წევრში მოიაზრება საქართველო. ეს არის ძალიან სერიოზული ცვლილება გერმანიის საგარეო პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოზიციების გადახედვა საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ევროკავშირის ახალ გაფართოების ტალღამდე“, განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.