გიორგი ვოლსკი ჯონდი ბაღათურიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, მიხეილ სააკაშვილმა კუჭის რეზექცია გაიკეთა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ მსგავსი თემებით პოლიტიკურ ასპარეზზე პაექრობა არასწორია და განცხადებები ამასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის ექსპერტებმა უნდა გააკეთონ.
„კუჭის რეზექციის ოპერაცია კეთდება იმიტომ, რომ წონაში დაიკლოს ადამიანმა. სააკაშვილია, თუ ნებისმიერი სხვა, ვინც იკეთებს ამ ოპერაციას - ვიცნობთ ჩვენ ასეთ ადამიანებს, საკმაოდ გამოჩენილი ხალხიც არის ზოგიერთი მათ შორის, საკმაოდ სერიოზული კლება აქვთ. მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება, რა საკვირველია, არაადეკვატური იქნება. ამაზე ჯანმრთელობის ექსპერტებმა უნდა ისაუბრონ. იგივე ელექტრონულ სიგარეტზეც. ყველამ იცის, რომ ნებისმიერი სიგარეტის მოხმარება, მათ შორის ელექტრონულის, იწვევს სერიოზულ გავლენას მადაზე, კვებაზე და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს, ეს ზოგადად ადამიანებს ეხება, ასე რომ არასწორია ამ თემით პაექრობა პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ავსტრიის ერთ-ერთ კლინიკაში კუჭის რეზექციის ოპერაცია გაიკეთა.