სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროპარლამენტის დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორების ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სამართალსა და სასამართლო პროცესთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმესთან, სადაც მთავარი ამოცანა პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალებაა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
„არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებაში, ასევე ქვეყნის გარეთ გარკვეულ ჯგუფებს აქვთ ინტერესი, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად განეიტრალებული იყოს, ამიტომ ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანებიდან ან რუსული გავლენის გაძლიერებიდან გამომდინარე, უნდათ მიხეილ სააკაშვილი იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. სწორედ ამას ვუკავშირებ, რომ მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. თავად მას აბრალებენ ამას, თითქოს ადამიანმა თვითმკვლელობა განიზრახა, ღარიბაშვილმა კი ღმერთის ნების აღსრულებას მიანდო ყველაფერი, ეს არის ფარისევლობა. მიხეილ სააკაშვილი მაღალი ალბათობით არის მოწამლული, როგორც საუბრობს ამერიკული ლაბორატორია ერთ-ერთ დასკვნაში, ეს მაფიქრებინებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომ უტყვიოდ, ნელ- ნელა მოხდეს მისი პოლიტიკური სივრციდან გაყვანა. სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტის დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ რასაც ვსაუბრობ, სწორედ ასეთი ვარაუდები აქვთ ჩვენს პარტნიორებს, რომ სამართალთან და სასამართლო პროცესთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმესთან, სადაც მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალება, განეიტრალებაში არ ვგულისხმობ მხოლოდ გარდაცვალებას, არ გამოვრიცხავ ვიღაცას ჰქონდეს სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაზიანდეს იმ დონემდე, რომ ქმედუუნარო გახდეს, ანუ გადააქციონ მცენარის მდგომარეობაში,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.
როგორც აშშ-ის საგარეო უწყების მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარშია ნათქვამი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას „ძალიან ახლოდან აკვირდება“.