დავით უსუფაშვილი: პრემიერმა გვითხრა, ხაზარაძე - ჯაფარიძეს ხელი იმიტომ შევუშალეთ, რომ თქვენი თანხებით გვინდოდა პორტის აშენება და არა უცხოური ინვესტიციებითო - რაღაც ნამეტანი შეწუხდნენ, საერთაშორისო არბიტრების ხომ არ ეშინიათ?

დავით უსუფაშვილი: პრემიერმა გვითხრა, ხაზარაძე - ჯაფარიძეს ხელი იმიტომ შევუშალეთ, რომ თქვენი თანხებით გვინდოდა პორტის აშენება და არა უცხოური ინვესტიციებითო - რაღაც ნამეტანი შეწუხდნენ, საერთაშორისო არბიტრების ხომ არ ეშინიათ?

პრემიერმა გვითხრა, რაც უცხოელ ინვესტორებს უნდა გაეკეთებინათ საქართველოში, თქვენი თანხებით გავაკეთებო, ანუ ხაზარაძე - ჯაფარიძეს ხელი იმიტომ შევუშალეთ, რომ თქვენი თანხებით გვინდოდა პორტის აშენება და არა უცხოური ინვესტიციებითო - რაღაც ნამეტანი შეწუხდნენ, საერთაშორისო არბიტრების ხომ არ ეშინიათ? - ასე ეხმიანება "ლელოს" დეპუტატი დავით უსუფაშვილი ანაკლიის პორტზე პრემიერ- მინისტრის განცხადებას.

მისივე თქმით, მთავრობა ანაკლიის პორტზე სამი წელია "ზღაპრებს ჰყვება" და პროექტის განხორციელებას აფერხებს.

"დღეს მთავრობამ გვითხრა, რომ ანაკლიის 51 პროცენტს, ხარჯს სახელმწიფო გაიღებს, ანუ ის, რაც უცხოელ ინვესტორებს უნდა გაეკეთებინათ საქართველოში, თქვენი თანხებით გავაკეთებო, რაშიც ხელი შეუშალეს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, რომ მოეზიდათ ის თანხა, რაც ანაკლიას ააშენებდა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემდა აშენებულ პროექტს, ახლა ამის 51 პროცენტს ჩვენ თვითონ დავაფინანსებთო. ანუ თავის დროზე ჩვენ იმიტომ შევუშალეთ ხელი, რომ თქვენი თანხებით გვინდოდა პორტის აშენება და არა უცხოური ინვესტიციებითო, ამას გველაპარაკება ღარიბაშვილი. დღეს რატომ გველაპარაკება? რადგან გუშინ იყო ანაკლიის შესახებ საფრანგეთის და გერმანიის წამყვანი ტელევიზიების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომლის მნახველს უკვე ეჭვი აღარ ეპარება არაფრის თაობაზე, თუ რა მოხდა ანაკლიასთან დაკავშირებით. სამი წელია უკვე ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიაში კი არა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხედან პროკურორის აბსურდული ბრალდების გამო, ამ სამი წლის განმავლობაში რამ შეუშალა ხელი მთავრობას ანაკლიის პროექტის ისე გასაკეთებლად, როგორც მათ უნდოდათ და ბოლოს - ქვეყანას სჭირდება ანაკლიის პორტი და არა მთავრობის განცხადებები, "ჩემი ბრალია", "იმან დააშავა" - რაში გვაინტერესებს ეგ განცხადებები?! დავკარგეთ უძვირფასესი დრო რადგან ხელი შეუშალეს თავდაპირველი პროექტის მესვეურებს, მერე სამი წელია ზღაპრებს გვიყვებიან - ხვალ გავაკეთებთ ამას, ზეგ გავაკეთებთ იმას და ანაკლიის პროექტს აფერხებენ და აჩერებენ შეგნებულად. ანაკლია აშენდება, რადგან ეს სჭირდება ქვეყანას, მე არ ვიცი ხაზარაძე- ჯაფარიძე რა ჭკუაზე იქნებიან, უსუფაშვილი და თქვენ, საქართველოს სჭირდება, როგორ ფოთის პორტი აშენდა თავის დროზე, 100 წლის წინ და საქართველო გახდა ის რაც გახდა, ასეთივე საუკუნის მნიშვნელობის პროექტია ანაკლიის პორტი,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას ვალდებულებების ვერშესრულებაზე, უსუფაშვილი აცხადებს, რომ ეს სიცრუეა.

„ეს არის მტკნარი სიცრუე, მე დეტალებში არ ჩავალ და ვერ ჩავალ, ყველა ვალდებულება შესრულებული იყო და ვინ რა ვალდებულება ვერ შეასრულა, ზუსტად ამას იხილავს საერთაშორისო არბიტრაჟი. რაღაც ნამეტანი შეწუხდნენ, იმიტომ ხომ არა, რომ საერთაშორისო ობიექტური არბიტრების ეშინიათ, რადგან ისინი აღმოაჩენენ, ვინ რა ვალდებულება ვერ შეასრულა,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, პრემიერის განცხადებით, ხაზარაძე- ჯაფარიძემ 5 წელში ვერც ერთი ვალდებულება ვერ შეასრულეს, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების შემდეგ, კი ქვეყნის გაძარცვა გადაწყვიტეს და ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლეს. მისივე თქმით, პორტი სახელმწიფოს 51 პროცენტიანი თანამონაწილეობით აშენდება.