„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი წარმოადგინეს. ერთი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას და მეორე იყო ბლოკჩეინის. ამ ვითარებაში ბლოკჩეინი ავირჩიეთ, 69 იყო ბლოკჩეინის მომხრე და ერთი იყო წინააღმდეგი. ნიკა მელიას ჯგუფმა წარმოადგინა ბლოკჩეინის სისტემა.
რაც შეეხება თარიღს, როგორც პოლიტსაბჭოს წარმომადგენელი შემოვედი ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებული ყოფილიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. ამ საკითხზე სრული მხარდაჭერა იყო, პრაქტიკულად არცერთი წინააღმდეგი. პოლიტსაბჭომ სრული მხარდაჭერით მიიღო ეს წინადადება.
კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს საღამოს 18:00 საათზე. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც პოლიტსაბჭოს 5 წევრისგან შედგება, თითო კომისიის წევრის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება თითოეულ კანდიდატს“, - განაცხადა ნაყოფიამ.