რუს ოლიგარქ ევტუშენკოვისთვის ჩამორთმეული ქონება უკრაინის სახელმწიფო ფონდს გადაეცა. ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ევტუშენკოვი რუსი ოლიგარქია, რომელიც ვლადიმერ პუტინთან არის დაკავშირებული. მას, ასევე, კონტაქტები აქვს ქართველ ბიზნესმენებთან, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან, დავით ხიდაშელთან და ლევან ვასაძესთან.
აპრილში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სადაც ბიზნესგეგმებს განიხილავდნენ, გაჩნდა ეჭვები, რომ ისინი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობდნენ.
გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება განიხილონ.
ევტუშენკოვი და ალი უზდანოვი, გავრცელებული ჩანაწერების კიდევ ერთი სავარაუდო ფიგურანტი, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგის AFK სისტემას ხელმძღვანელები არიან.
პირველ სექტემბერს უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ევტუშენკოვს ქონება ჩამოართვა — 17 უძრავი ქონების ობიექტი საერთო ფართობით თითქმის 100 000 კვადრატული მეტრი, ასევე, წილები რამდენიმე უკრაინულ კომპანიაში. კერძოდ:
42,09% — შპს ელექტროზავოდ-ვიტში;
59,2% — შპს ITM-Ukraine-ში;
59,2% — შპს Smart Digital Solutions-ში;
42.09% — ZTZ-Service-ში;
34,21% — სს უკრაინის კვლევითი დიზაინისა და ტრანსფორმატორების მშენებლობის ტექნოლოგიური ინსტიტუტში.
ეკონომიკის სამინისტრო წერს, რომ უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევტუშენკოვისთვის ჩამორთმეულ ქონებას დღეიდან სახელმწიფო ქონების ფონდი განაგებს.
"უკრაინის ბიუჯეტის შევსებასთან და რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელებისთვის გამოვიყენებთ. ანუ ამ გზით უკრაინა ზარალს თავად აგრესორების ხარჯზე აანაზღაურებს", - აღნიშნა მინისტრმა.