რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა და მთელს საქართველოს მომავალი ახალი წელი მიულოცა. მერმა განაცხადა, რომ საჭიროა ღირსეულად შეხვდნენ ახალ წელს, მიუხედავად იმისა, რომ მთელს მსოფლიოში მრავალი გამოწვევაა.
„მინდა, მივესალმო უცხოეთში, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩვენს პატარებს, ამ ლამაზ გოგო ბიჭებს, რომელთა თვალები სავსეა სიხარულით. ეს არის გარანტი, რომ ახალი 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების წელი. იქნება კიდევ უფრო სიცოცხლით, სიყვარულით სავსე წელი.
დღეიდან ჩვენს ქალაქში დაიწყებს ათვლას საახალწლო დღეები, რადგან დღეს მხოლოდ დღესასწაულს დავპირდი მოსახლეობას, არ დავიწყებ იმის ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი, ღირსეულად შევხვდეთ ამ დღესასწაულს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია. ლადო ასათიანის ცნობილი ლექსიც არის. დიახ, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს, მაშინაც კი, როდესაც ვიბრძვით, არასდროს ვტოვებთ იმედს, უკეთესის იმედს, არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე.
სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავსა და რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანებს. ტრადიციულად, ჩვენც სწორედ სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ, 2023 წელს. მოდით, ერთად ჩავიფიქროთ ყველა ეს სურვილი და ავანთოთ დედაქალაქის ნაძვის ხე, როგორც სიმბოლო ახალი სიცოცხლის და ბედნიერი მომავლის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ყოველივე საუკეთესო თქვენ ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, საახალწლო ნაძვის ხესთან ერთად საახალწლო ილუმინაციები დედაალაქის ყველა უბანში აინთო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე 15-ზე მეტი მუსიკალური ნომრით ქართული ესტრადის წარმომადგენლები წარდგნენ. 23 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანს, ათონელის ქუჩასა და 9 აპრილის ბაღს მოიცავს. აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი. „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიური გასართობი ღონისძიებები 13 იანვრამდე გასტანს.