რამდენჯერაც არ უნდა გამეორდეს სიტყვა „კლანი" ნეგატიურ კონტექსტში, ეს არ არის სიმართლე - მოსამართლეები კოლეგიურად განიხილავენ საქმეებს, მთელი დღის განმავლობაში ერთად მუშაობენ, ერთად ახორციელებენ მართლმსაჯულებას, კოლეგიური საქმიანობის განხორციელებას თუ კლანს ეძახით, თქვენი უფლებაა,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც მან განაცხადა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე წევრები კონსენსუსით უნდა შეირჩნენ და ამისთვის კონსულტაციების გამართვა იქნება საჭირო.
"ჩვენი ამოცანაა, შევარჩიოთ დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი და პროფესიონალი წევრები, რომლებსაც შემდგომ პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს. მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ოპოზიციის ჩართულობა, 90 ხმის მობილიზება ერთ რომელიმე პარტიას არ შეუძლია, შესაბამისად, აუცილებელია კონსულტაციების წარმართვა ამ პროცესზე. რაც შეეხება თქვენს ინტერესს ე.წ. კლანთან დაკავშირებით, რამდენჯერაც არ უნდა გამეორდეს ეს სიტყვა ნეგატიურ კონტექსტში, სასამართლოს, მოსამართლეების დამაკნინებლად, ეს არ არის სწორი და სიმართლე. სასამართლო შედგება მოსამართლეებისგან, იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც კოლეგიურად განიხილავენ საქმეებს და ეს ადამიანები მთელი დღის განმავლობაში ერთად მუშაობენ, ერთად ახორციელებენ მართლმსაჯულებას. თუ ამ კოლეგიურ საქმიანობის განხორციელებას კლანს ეძახით, თქვენი უფლებაა, უბრალოდ, ეს იცოდეთ, ეს არის დამამცირებელი და დამაკნინებელი კონტექსტი. ეს არ გვიკვირს, სტრასბურგის სასამართლო გააოგნეთ კონკრეტულმა პარტიულმა ტელევიზიებმა, "რუსთავი 2"- ის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა იმ შტურმით და დამამცირებელი შეურაცხყოფით, რასაც გვარამია ახორციელებდა კონკრეტულ მოსამართლეებზე. სტრასბურგის სასამართლომ გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მიმართული იყო სასამართლოს რეპუტაციის შელახვისთვის და ეს გაცდა იმ დასაშვებ ზღვარს, რომელიც შეიძლება არსებობდეს კრიტიკის დროს",- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ორი დღეა იმ კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადები შეიტანეს.
კომიტეტმა დღეს გიორგი ბურჯანაძეს, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს, იოსებ ვარძელაშვილს და მანუჩარ კაკოჩაშვილს მოუსმინა. დღესვე კომიტეტს გიორგი გაგნიძისთვის უნდა მოესმინა, თუმცა, ის კომიტეტზე არ გამოცხადდა.