პარტია „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ კანონი, რომელიც უცხო ქვეყნის ჯარში ჩარიცხულთათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობას იძლევა, სრულიად უდროო და უცნაური კანონია.
„ჩემი აზრით სრულიად უდროო და უცნაური კანონია. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ რაღაც კონფლიქტზე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მიდის და არ გვინდა, რომ მოხალისეები წავიდნენ სადღაც. ეს ის სიტუაციაა, როცა ჩვენი მოქალაქეები იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. მე უბრალოდ, არ მესმის, როგორ შეიძლება გავბედოთ და ამ ადამიანებს მოქალაქეობა წავართვათ?! ამას მე ვერ გავბედავდი და ამორალურად მიმაჩნია ამაზე საუბარიც კი. ეს ხალხი ახლა ჩვენ გვიცავს და მოქალაქეობას რატომ ვართმევთ?! ეს ფორმალისტური და კანონის ბუკვალურად ინტერპრეტაციის საქმე ხომ არ არის?! რეალურად, ჩვენი მოქალაქე წავიდა, ებრძვის რუსულ ჯარს ომში, რომელიც თუ უკრაინელებმა წააგეს, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებით და მგონი, ეს ძალიან ცუდი გზავნილი იქნება. ჯობია, რომ ეს თემა საერთოდ ამოვიღოთ დისკუსიიდან და სხვა საქმეებზე გადავერთოთ“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ხელისუფლება უკრაინაში წასულ ქართველ მებრძოლებს მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება. უმრავლესობაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და პროვოკაციას უწოდებენ.