უნგრეთმა სამშაბათს, 6 დეკემბერს, უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის დახმარების პაკეტი დაბლოკა. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა.
"სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის საჭირო ფინანსური დახმარების შესახებ, რომ ვერ გამოვხატავთ ფინანსურად სოლიდარობას. ამაზე პასუხისმგებელი უნგრეთია", - განაცხადა მან.
ახლა ევროკავშირის საბჭოს წინაშე დგას ამოცანა, მიაღწიოს შეთანხმებას რაც შეიძლება მალე, რათა შეძლოს საჭირო თანხების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად, რაც 26 წევრმა ქვეყანამ უკვე შეთანხმდა ევროკომისიასთან, თქვა ლინდნერმა.
რაც შეეხება უნგრეთს, ევროკავშირის ქვეყნებმა სთხოვეს ევროკომისიას, შეეფასებინა ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. "კანონის უზენაესობასა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის შიდა და გარე ხელისუფლებისთვის", - აღნიშნა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.
ბრიუსელში, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, ბუდაპეშტისგან უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერასთას წინააღმდეგობის გაწევის მუქარა მოჰყვა. ეს არის ერთ-ერთი ევროკავშირის რამდენიმე ინიციატივიდან, რომელსაც უნგრეთმა ვეტო დაადო, რადგან მას ევროკავშირის სახსრების 13 მილიარდი ევროს გაყინვა ემუქრება კორუფციისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის არასაკმარისად აღსრულების გამო.
ევროკავშირის ქვეყნებს 19 დეკემბრამდე აქვთ უფლება, მხარი დაუჭირონ, უარყონ ან შეცვალონ ევროკომისიის წინადადების შინაარსი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.