პოლიტიკური მოვაჭრეების იარლიყი რომ აკერიათ შუბლზე და კულუარული გარიგებების დიდოსტატები არიან, ახლა ცდილობენ, ეს იარლიყი უსაფუძვლოდ, სხვას მიაწებონ, - ასე ეხმაურება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში დადანაშაულებას.
უსუფაშვილი განმარტავს, რატომ შეჩერდა ოპოზიციის ნაწილის მიერ მომზადებული საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა.
„ჩვენ, „ლელომ“ და ოპოზიციის ნაწილმა, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ოფიციალურად დავარეგისტრირეთ. მისი საკომიტეტო მოსმენა ჩაინიშნა, სადაც პირადად მე მივმართე უმრავლესობას, რომ შეგვეჩერებინა პროექტის განხილვა მეტი კონსულტაციებისთვის, რადგან პარლამენტში ამ დროს განიხილებოდა „ქართული ოცნების“ პროექტიც და გვქონდა განცდა, რომ ეს პროექტები ერთმანეთს ავსებს და არ ეწინააღმდეგება.
პირადად მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სანამ ხელისუფლების კანონპროექტი გადის ექსპერტიზას ვენეციის კომისიაში, გვაქვს დიალოგი იმის შესახებ, თუ რა საკითხი იქნება გათვალისწინებული ჩვენი კანონპროექტიდან. ჩვენს პროექტთან დაკავშირებით ვლაპარაკობდით ღიად, მედიის საშუალებითაც და ვლაპარაკობდით უმრავლესობის წევრებთანაც.
მივმართავ ოპოზიციური ჯგუფების იმ ნაწილს, ვისაც ისე აწუხებთ კულუარული გარიგების დიდოსტატების იარლიყი, რომ უნდათ, ეს სახელი ჩამოიცილონ და ასევე, ისე აწუხებთ იმ უაზრო სამუშაო ჯგუფებში შესვლა და უშედეგოდ გამოსვლა, რომ ახლა ჩვენ გვერჩიან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც ლილუაშვილი აცხადებს ოპოზიცია მმართველ გუნდთან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე შეთანხმდა.
„აღმოჩნდა, რომ თურმე „ნაცმოძრაობის“ თხოვნით, მათ შორის, „ლელოს“ და ვაშაძის მონაწილეობით არაერთი შეხვედრა განხორციელდა კულუარულად საარჩევნო სისტემის რეფორმის (12-დან ერთ-ერთი რეკომენდაციის) ფარგლებში. როგორც ჩანს, რაც თვითონ პარტიული მიზნებიდან გამომდინარე აწყობთ, შეუძლიათ დასხდნენ და დალაგდნენ „ოცნება“ და „ნაცები“ კულუარულად, ისე რომ თავიანთ ამომრჩევლებს დაუმალონ, რომ ერთმანეთთან ლაპარაკობენ, თათბირობენ, და თანხმდებიან ისეთ საკითხებზეც კი, რაც მომდევნო არჩევნებზე მათ კონკრეტულ საარჩევნო შედეგებს მოუტანს“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.