სიმართლე უნდა ისაუბრონ ტელევიზიით და არა ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი, როგორც ჩვენ მივეჩვიეთ ზოგიერთი მედიასაშუალებისგან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ უკრაინაში მოქმედ „ქართულ ლეგიონზე“ საუბრისას განაცხადა.
„რომ არც ყოფილიყო ჩატარებული ეს ექსპერიმენტი, არ გამოქვეყნებულიყო ის განცხადება, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდებს, ჩაერთნენ საომარ მოქმედებებში, ყველამ იცოდა, რომ გაწვევა მიმდინარეობს და ყველასთვის ცნობილი იყო იმ კონკრეტული ადამიანების გვარები, რომლებიც ამის ორგანიზებას აკეთებდნენ. ასე რომ მათ არაფერი ახალი არ უთქვამთ. უბრალოდ პრობლემას გაუსვეს ხაზი, რისი ვალდებულებაც გააჩნია პარტიასაც, მთავრობასაც, ზოგადად, ხელისუფლებას, რომ გააკეთოს. ეს ვალდებულება მოიხადეს და რასაკვირველია, სიმართლე უნდა ისაუბრონ ტელევიზიით და არა ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი, როგორც ჩვენ მივეჩვიეთ ზოგიერთი მედიასაშუალებისგან“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ლეგიონი“ ქართველებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს. ლეგიონს მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს. შეთავაზებული თანხა 2000 დოლარზე მეტს შეადგენს. ამის დამადასტურებელი პირადი მიმოწერაც გამოქვეყნდა.