გერმანიის მასშტაბით ჩატარებული რეიდების დროს 25 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან მთავრობის გადატრიალების დაგეგმვაში. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გერმანული მედია წერს, რომ ულტრამემარჯვენეების და ყოფილი სამხედროების ჯგუფი გეგმავდა პარლამენტის შენობაში, ბუნდესტაგში შეჭრას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. მათ სავარაუდოდ, 71 წლის გერმანელი მამაკაცი, პრინცი ჰაინრიხ XIII ხელმძღვანელობდა.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის თქმით, გერმანიის 11 მიწაზე დაკავებულთა შორის იყო ორი სავარაუდო ლიდერი.
როგორც ამბობენ, შეთქმულთა შორის არიან ექსტრემისტული მოძრაობის Reichsbürger (რაიხის მოქალაქეები) წევრები, რომლებიც დიდი ხანია გერმანიის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ არიან ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო. ისინი ასევე უარს ამბობენ თანამედროვე გერმანული სახელმწიფოს აღიარებაზე.
ამ დაჯგუფების ნაწილი დაახლოებით 50 ადამიანი იყო, რომლებიც გეგმავდნენ რესპუბლიკის დამხობას და მის შეცვლას 1871 წლის გერმანიის მოდელზე შექმნილი ახალი სახელმწიფოთი.
"ჩვენ ჯერ არ გვაქვს ამ ჯგუფის სახელი", - თქვა ფედერალური პროკურატურის სპიკერმა.