ლევან ბეჟაშვილი:  თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა სააკაშვილთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, მათ შორის მზად ვართ, რადიკალურ ქმედებებზე გადავიდეთ

ლევან ბეჟაშვილი: თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა სააკაშვილთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, მათ შორის მზად ვართ, რადიკალურ ქმედებებზე გადავიდეთ

საზოგადოება და სახელმწიფო განსაკუთრებული გამოცდის წინაშე დგას, უნდა გადაწყდეს თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი და მიხეილ სააკაშვილის საკითხი აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიაში გამართული შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან საზოგადოებას 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავად ყველანაირი სცენარისთვის მზად არიან, მათ შორის, რადიკალური ნაბიჯებისკენ.

ლევან ბეჟაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება იყოს ის რადიკალური ნაბიჯები, რაზეც პარტია წავა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, მათი შეფასებით, უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„პარტია მიხეილ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ვართ საოცრად ერთიანი და განსხვავებული აზრები არ არსებობს. ერთიანობის მნიშვნელობას ყველა ვხვდებით, ამიტომ 9 დეკემბერს დაიწყება პროცესი, სადაც ჩვენ, ბუნებრივია, შევიკრიბებით და საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმავდროულად, პარტია გააგრძელებს კოორდინაციას როგორც პარტიის შიგნით, ოჯახთან, ასევე დაცვის მხარესთან, რათა მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ, მათ შორის, აქციების დაგეგმვის თვალსაზრისით, დიპლომატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ჩვენ ვართ ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის მზად, მათ შორის, თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მზად ვართ, რადიკალურ მოქმედებებზეც გადავიდეთ, თუმცა, ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. რადიკალური მოქმედებების გეგმასა და პირობებზე, ბუნებრივია, ახლა ვერც ვიმსჯელებ და ვერც გაგაცნობთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მოლოდინი არის, რომ ხელისუფლებას ეყოფა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.