„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დღეს პარტიაში შეხვედრას დაესწროს ყველა მხარე და მოხდეს ყველა სტრატეგიასა და მოსალოდნელი შედეგის განხილვა.
„საუბარი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ყველა დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მივიჩნევ, რომ პარტიის უმთავრესი საზრუნავი დღეს უნდა იყოს ეს. ყველა ვხვდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ, თუ იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდება, როგორც არის ახლა. პარტიას მოუწევს რამდენიმე სტრატეგიაზე მუშაობა. დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, მაგრამ სასამართლო თუ გაწირავს სააკაშვილს სიკვდილისთვის, ასეთ დროს უნდა ვიცოდეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე. განიხილება ყველანაირი ბერკეტი, მათ შორის აქციები, საპარლამენტო, ნებისმიერი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ გადავარჩინოთ პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – განაცხადა წითლიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობენ. მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა.