„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს

მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია. შემიძლია გითხრათ, რომ წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, იყო წნევის უმნიშვნელო ცვალებადობა, - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.

„პაციენტს უკეთდება ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება, მაგრამ მოგეხსენებათ, მკურნალობა რთული პროცესია, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად. უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს.

პაციენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. ასე თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, შეიძლება, ზონდით კვებაზე გადავიყვანოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ლაბორატორიული მონაცემები არ იძლევა იმის საშუალებას, გამოყენებული იქნეს ხელოვნური ზონდით კვება, ნაზოგასტრალური ზონდის გამოყენების აუცილებლობა არ არის. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა – შერჩევითი კვება შერჩევით დღეებში, შერჩევით პერიოდში, მაშინ იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ ზონდით კვებაც.“, - აღნიშნა ჩხაიძემ.