გივი მიქანაძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ჩვენ მიერ მსჯელობის საგნად იქნება დადებული და ვნახავთ, სად შეგვიძლია, ოპოზიციასთან შეხების წერტილები ვიპოვოთ

გივი მიქანაძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ჩვენ მიერ მსჯელობის საგნად იქნება დადებული და ვნახავთ, სად შეგვიძლია, ოპოზიციასთან შეხების წერტილები ვიპოვოთ

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ჩვენ მიერ მსჯელობის საგნად იქნება დადებული და ვნახავთ, სად შეგვიძლია, ვიპოვოთ ოპოზიციასთან ის შეხების წერტილები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ამ მიმართულებით წინსვლა განვახორციელოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

კითხვაზე ხომ არ არის ისეთი საკითხები, რომელზეც თანხვედრაა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ოპოზიციის მიერ მოთხოვნილ ცვლილებას შორის, მიქანაძემ აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფის ფორმატში მონაწილეობა არ მიუღია.

მისივე თქმით, უმრავლესობის წევრებს ჰქონდათ გარკვეული მოლაპარაკებები, თუ სად შეიძლებოდა, მათ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციასთან შეხების წერტილები ეპოვათ.

„ხატია დეკანოიძისგან რაიმე განცხადების გაკეთება ცოტა სერიოზულობას აცდენილია, „ნაციონალურ მოძრაობას“ სამუშაო ჯგუფის ფორმატში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ლელოსთან“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ნაწილობრივი ჩართულობით, გვქონდა მოლაპარაკებები, თუმცა შემდგომ ისინიც გაეთიშნენ ამ პროცესს. გვქონდა მოლაპარაკებები, თუ სად შეიძლებოდა, რომ შეხების წერტილები გვეპოვა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც პოზიციები შეჯერდა და ეს საკითხები აუცილებლად, მეორე მოსმენის ფორმატში იქნება ასახული. რაც შეეხება, ზოგადად, ოპოზიციის თემებს, მაგალითისთვის გეტყვით, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ აყენებდნენ საკითხს, რომ პროპორციულ სიაში სავალდებულო კანდიდატთა რაოდენობა, რომელიც ჩვენ შევამცირეთ პარლამენტის შემთხვევაში, მინიმუმ 76 ადამიანი უნდა იყოს წარდგენილი და საკრებულოებზე - ნახევარი, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს კიდევ უნდა შევამციროთ. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის ის მინიმუმი, მაგრამ ვნახეთ, რომ ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ამ შემცირებას მიესალმება. თუმცა, მოგვიწოდებენ, რომ ეს კიდევ უფრო შევამციროთ. ამიტომ, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ და ვნახულობთ, სად შეიძლება მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომ მაგალითად, არჩევნების შედეგად მიღებული საკრებულო ჩიხურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. 2/3 არ შეიკრიბოს და ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, შედეგი კითხვის ქვეშ არ დადგეს. რა თქმა უნდა, ეს რეკომენდაციები ჩვენ მიერ მსჯელობის საგნად იქნება დადებული და ჩვენ ვნახავთ, სად შეგვიძლია ვიპოვოთ ის შეხების წერტილები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ამგვარი რეკომენდაციები კუთხით წინსვლა განვახორციელოთ“, - განაცხადა მიქანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ პოზიტიურად შეაფასეს.