იქნებ, როგორმე საქართველოში ვისწავლოთ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანა და შევთანხმდეთ, რომ როდესაც სამძიმარს გამოთქვამს ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ იმ მომენტში ხელს ართმევ მგლოვიარე დედას. იქნებ, ამ მომენტში ყველამ თავი შევიკავოთ სხვა თემებისგან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა,დ ავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხში სიტყვა-პასუხში გაჯიბრება არასწორი ქმედებაა.
„წლის ბოლოა და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები ცხადდებიან ხოლმე. ყველაზე დიდი პოლიტიკური სპეკულანტის ნომინაცია რომ არსებობდეს, ამ საკითხში ერთმანეთს შეეჯიბრებოდა ორი ირაკლი, ღარიბაშვილი და კობახიძე.
რაც შეეხება დაღუპულ მეომრებს, იქნებ, როგორმე საქართველოში ვისწავლოთ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანა და შევთანხმდეთ, რომ როდესაც სამძიმარს გამოთქვამს ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ იმ მომენტში ხელს ართმევ მგლოვიარე დედას. იქნებ, ამ მომენტში ყველამ თავი შევიკავოთ სხვა თემებისგან, გარდა სოლიდარობის, თანაგრძნობის გამოცხადების და მადლიერებისა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან სხვაგან, მაგრამ საქართველოსთვის. ამ საკითხში სიტყვა-პასუხში გაჯიბრება იგივე არასწორი ქმედების ჩადენაა, რასაც ვინმე პირველი იწყებს ამ ტიპის დებატებს.
ელემენტარული ზნეობრივი პრინციპების შემოტანის გარეშე სწორი პოლიტიკის კეთება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები იმის შესახებ, სწორად იქცევა თუ არა ხელისუფლება იმ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში რუსეთია შეჭრილი და საშინელებებს სჩადის. ბევრ რამეში სწორად არ იქცევა, მაგრამ არ მგონია, დღეს არის ვითარება, როდესაც დაღუპული მეომრების გამო შეწუხებული და დაზაფრული ადამიანების ყურამდე მივიტანოთ ჩვენი რაღაც სხვა პოლიტიკური ხედვები.
მართალია, მოხალისეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დამოკიდებულება განსხვავებულია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფი თავად აგზავნის სადმე საომრად, მაგრამ ეს განსხვავებულობა არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური ნიშნით უნდა დავყოთ ადამიანები და არ უნდა შევხედოთ მათ, როგორც მოქალაქეებს, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ. 2013 წელს ავღანეთიდან, სამწუხაროდ, რამდენიმე ჩვენი მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს. ეს იყო დრო, როდესაც საქართველოში დიდი არეულობა იყო, მაგრამ მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი, მაშინდელი პრემიერი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ალასანია, ერთად ვიდექით თავდახრილები და ვგლოვობდით. იქნებ, როგორმე დავამკვიდროთ ეს, რომ გლოვის დროს, გლოვაა, ბრძოლის დროს შიგნით ვიბძოლოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.