მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არავინ აზვიადებს, მათ შორის არც „ვივამედის“ ექიმები, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ფაქტორებს გაითვალისწინებს, მისთვის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს.
"როდესაც მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო დაწესებულებაში ვიყავი, ჩემს თვალწინ მისი წონა 79 კილოგრამი იყო. გუშინ, ექიმის განცხადებით, მისი წონა გაცილებით უფრო მცირე ყოფილა. დაახლოებით, ხუთ დღეში მან მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში, რაც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვირვებაა. ეს მე მედიასთანაც აღვნიშნე, როდესაც სამედიცინო დაწესებულებიდან გამოვედი. ფაქტია, რომ იქ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება. დავანებოთ პოლიტიკურ კონტექსტს თავი. ეს ადამიანი არის ძალიან მძიმე ავადმყოფი და მისი მდგომარეობა უარესდება, ეს არის მთავარი გასათვალისწინებელი.
მმართველმა გუნდმა ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არავინ აზვიადებს, მათ შორის არც "ვივამედის" ექიმები. მისმა მკურნალმა ექიმმა ჩემი თანდასწრებით თქვა, რომ მას სასამართლოში ვერ გადაიყვანენ ძალიან მძიმე მდგომარეობის გამო.
მიხეილ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური დასკვნის მიხედვით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ეს დასკვნა არ არის მხოლოდ ქართველი ექიმების, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ექიმების დასკვნაა. თუ სასამართლო ამ ყველა ფაქტორს გაითვალისწინებს, მე ვფიქრობ, რომ მისთვის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.