ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია და ჩვენ მას აუცილებლად დავიბრუნებთ მშვიდობიანი და სამართლიანი მეთოდებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას ოკუპირებულ აფხაზეთზე საუბრისას განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ნებისმიერ ვიზიტი, იქნება ოფიციალური თუ არაოფიციალური, შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებასთან.
„ეს არის პროვოკაცია, რომელიც შედეგს არ გამოიღებს. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ მსგავს ნაბიჯს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან, შესაძლო ანექსიასთან და ნებისმიერი სახით დაძაბულობის გაზრდასთან. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ეს არის საქართველოს ტერიტორია და ჩვენ მას აუცილებლად დავიბრუნებთ შვიდობიანი და სამართლიანი მეთოდებით“, - განაცხადა ხელაშვილმა.