სიმართლე გითხრათ ამ შემთხვევაში არც ოჯახის წევრების და არც ადვოკატების ის ძალისხმევა მიკვირს, რასაც ახორციელებენ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფისა და ოჯახის წევრის დასაცავად. ბუნებრივია, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან დაიხსნან, - ამის შესახებ ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს რა მდგომარეობაშია ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობა.
„ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, საზოგადოებამ იცოდეს რამდენად დამძიმებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ გვესმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. მისი ოჯახი ამბობს, რომ ის არის საკმაოდ მძიმედ, მათ მიერ დაქირავებული ორგანიზაცია შესაბამის დასკვნას აქვეყნებს. მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი არის სიმულაცია.
მე ვფიქრობ, რომ სიმართლე სადღაც შუაშია. სიმართლეა, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი ფიზიკური მდგომარეობა აღარ აქვს, როგორითაც შევიდა საპატიმროში, თუმცა შეიძლება ის განცხადებებიც გადაჭარბებული იყოს, რასაც კონკრეტული ადამიანები აკეთებენ. ამიტომ, გვჭირდება სიმართლის ცოდნა“ - განაცხადა იოსელიანმა.