მიხეილ სარჯველაძე: ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილი სანიმუშოდ თანამშრომლობდა ექიმებთან, ეს პრობლემა დღესაც არსებობს - უმჯობესია, პროტესტის ფორმები გვერდზე გადადოს

მიხეილ სარჯველაძე: ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილი სანიმუშოდ თანამშრომლობდა ექიმებთან, ეს პრობლემა დღესაც არსებობს - უმჯობესია, პროტესტის ფორმები გვერდზე გადადოს

ბევრი ხნის განმავლობაში სააკაშვილი ვერ ვიტყვი, რომ სანიმუშოდ თანამშრომლობდა ექიმებთან. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს პრობლემა დღესაც არსებობს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს არ აქვს „რაიმე ისეთი დიაგნოზი, რომელიც ფატალურ რისკებს, ან მძიმე მოვლენების განვითარებას შეიძლება უქადდეს, რაც შეიძლება იყოს განგაშის მიზეზი“.

სარჯველაძე განმარტავს, რომ მოცემულობა რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობს, ყურადღებას და ზრუნვას საჭიროებს, რასაც აკეთებს კიდეც სახელმწიფო, თუმცა ამას სჭირდება მისი მხრიდანაც "კონსტრუქციული დამოკიდებულება და იმ რეკომენდაციების დამორჩილება, რაც ექიმების მხრიდან მიეწოდება”.

„რაც შეეხება იმას, ფატალური რისკები ემუქრება თუ არა და ექიმებისგან მოგვისმენია თუ არა ამის თაობაზე დასკვნა - სწორედ ექიმების მოსაზრებაა, მათგან მოწოდებული ინფორმაციაა, რომ არ არსებობს [ფატალური რისკები]. პირიქით რომ იყოს და არსებობდეს სერიოზული რისკები, იარსებებდა ეს ინფორმაცია და იქნებოდა რეაგირება. ამიტომ არასწორია მოსაზრება, რომ ექიმებისგან ასეთი რამ არ გვსმენია [რომ ფატალური რისკები არ არსებობს]. ვინმე თუ საჯაროდ არ გამოდის, პენიტენციური სისტემის რომელიმე მოხელე, ან ექიმი, რომელიც იქ მუშაობს და ამაზე საჯაროდ არ საუბრობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ პროცესს არ აკვირდებიან, პირიქით, სრულფასოვნად მიმდინარეობს სამედიცინო პროცესი, მათ შორის, კლინიკა, სადაც იმყოფება სააკაშვილი, სრულად მობილიზებულია საიმისოდ, რომ იოტისოდენა ხარვეზი არ არსებობდეს. რაც შეეხება საკითხს, რომ კონსტრუქციულობაა საჭირო პაციენტის მხრიდან, დიახ, ეს აბსოლუტურად ტრივიალური რამ არის, რომ პაციენტი იყოს განწყობილი შესაბამისი მკურნალობის კურსი გაიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დიდი პრობლემაა მკურნალობის წარმატებულად განხორციელებისთვის.

რაც შეეხება იმას, ემორჩილება თუ არა ექიმების რეკომენდაციას, მისი დამოკიდებულება ამ ეტაპზეც და იმ ეტაპზეც, ყოველთვის იყო განსხვავებული, სამწუხაროდ, იყო ეს პრობლემა. ბევრი ხნის განმავლობაში სააკაშვილი ვერ ვიტყვი, რომ სანიმუშოდ თანამშრომლობდა ექიმებთან. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს პრობლემა დღესაც არსებობს. ამ დრომდეც რა პრობლემებიც არსებობს სწორედ განპირობებულია იმ დამოკიდებულებით, რომ ის გარკვეული პროტესტის გამოხატვის, თუ არ ვიცი რა მიზეზის გამო, უარს აცხადებდა მაგალითად, კვებაზე, გარკვეულ რაციონზე. უმჯობესია, რომ პროტესტის ის ფორმები, რომელსაც ამ შემთხვევაში სააკაშვილი იყენებს, იქნას გვერდზე გადადებული”, - განაცხადა სარჯველაძემ.