ზონდერ მოსამართლეების აქეთ-იქით გადაყვანა არ ვიცი რას ემსახურება - ერთი ნათელი გონების ადამიანი არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“, რომ შეწყვიტონ ქვეყნისთვის გამანადგურებელი ქმედებები, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით მან, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
„ეს არის ძალიან მძიმე და ცუდი ინფორმაცია, რაც თქვენგან პირველად მესმის. იმ საქმის შემდეგ, რაც ჯაფარაძე-ხაზარაძეზე ვნახეთ, იყო სრული აბსურდი, სამართლის გაუქმებული ნორმების ადამიანებზე შეფარდება. ის მოსამართლე არ უნდა იყოს, დისციპლინარული პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო. ახლა სააკაშვილს მიუჩინეს ეს ადამიანი. იმედს ვიტოვებ, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს. ზონდერ მოსამართლეების აქეთ-იქით გადაყვანა არ ვიცი რას ემსახურება. ერთი ნათელი გონების ადამიანი არ არსებობს "ქართულ ოცნებაში", რომ შეწყვიტონ ქვეყნისთვის გამანადგურებელი ქმედებები? სააკაშვილს პატიმრობაში დატოვებენ და "ქართულ ოცნებას" პრობლემები მოეხსნება?! ასე არ არის. იქნებ, ვინმეს გაუნათდეს გონება. არ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩატოვოთ საპატიმროში, ლეტალურად დასრულდება, ამას ადასტურებს "ემპათიის" დასკვნა!" - აღნიშნავს მანჯგალაძე.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა.