საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი თვლის, რომ კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ უნდა იყოს გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში.
„დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული საკითხი არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი და არ არის ადვილი პრიორიტეტი. ვიცით, რომ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა, და მნიშვნელოვანია, ის გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში. ამაზე ისაუბრა ოლივერ ვარჰეიმაც. ეს რეკომენდაცია იძლევა ჩარჩო სისტემას, რომლის მიხედვითაც არ უნდა იყოს პირების ზეგავლენა პროცესებზე. რა გზებით იქნება ეს განხორციელებული, ეს საქართველოს გადასაწყვეტია. ევროკავშირი თვლის, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში. ევროსაბჭო არის ორგანიზაცია, რომლის სათავო ოფისიც არის პარიზში. ევროკავშირის შტაბბინა არის ბრიუსელში. ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მე ვარ ევროკავშირის ელჩი და ჩემთვის არაა კომფორტული, ვისაუბრო სხვა ორგანიზაციის საქმიანობაზე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.
თუმცა, „ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს წერილობით მიმართა და შეკითხვაზე, ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრების მომზადება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს: „კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“.