ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა მატჩისწინა ოფიციალურ ფოტოზე პროტესტის ნიშნად პირზე ხელი აიფარეს.
როგორც გერმანიის საფეხბურთო კავშირის განცხადებაშია აღნიშნული, ფეხბურთელებმა ასე გააპროტესტეს FIFA-ს გადაწყვეტილება, გუნდების კაპიტნებს აეკრძალოს ცისარტყელის ფერებში შესრულებული კაპიტნის სამკლავურის ტარება.
„გვსურდა, გამოგვეყენებინა ჩვენი კაპიტნის სამკლავური, რათა მხარი დაგვეჭირა იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც პატივს ვცემთ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში: მრავალფეროვნებას და ურთიერთპატივისცემას. სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩვენ გვსურდა, რომ ჩვენი ხმა გაგონილი ყოფილიყო. ეს არ იყო პოლიტიკური განცხადება - ადამიანის უფლებები დავის საკითხი არ შეიძლება იყოს. ეს თავისთავად უნდა იყოს მიღებული, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ასე არ არის. კაპიტნის სამკლავურზე უარის თქმა იგივეა, რაც ხმის უფლებაზე უარის თქმა. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება“, - აღნიშნულია გერმანიის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.
ცისარტყელის ფერებში შესრულებული კაპიტნის სამკლავურები, რომლებზეც წარწერა One Love (ერთი სიყვარული) არის დატანილი, თანასწორობისა და ინკლუზიურობის მხარდაჭერის სიმბოლოა. ოფიციალურად FIFA-ში აკრძალვის შესახებ განმარტებები არ გაკეთებულა. ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას - ყატარს - ხშირად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, მათ შორის LGBT-თემის წარმომადგენელთა დევნის გამო.