შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ელჩის დამაბნეველმა განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში ყიჟინა გამოიწვია - ფაქტია, რომ უკრაინული კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს

შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ელჩის დამაბნეველმა განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში ყიჟინა გამოიწვია - ფაქტია, რომ უკრაინული კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს

სამწუხაროდ, გუშინ აშშ-ის ელჩის დამაბნეველმა განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში ყიჟინა გამოიწვია. სამწუხაროა, რომ ასეთ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით კეთდება დამაბნეველი განცხადებები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას. პაპუაშვილის თქმით, ფაქტია, რომ უკრაინული კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს.

„ვნახეთ პასუხი ევროსაბჭოდან, რომ კვლავ მიმდინარეობს განხილვა ამ პროექტის. გარდა ამისა, ჩემმა კაბინეტმაც გუშინ წერილობით მიმართა ვენეციის კომისიას, რათა გავიგოთ, რა არის ამ პროექტის სტატუსი და ველოდებით ოფიციალურ პასუხსაც. ფაქტია, რომ უკრაინული კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს, მათ შორის არც ევროკავშირის წარმომადგენლობისგან ასეთი ინფორმაცია არ გვქონია.

შეიძლება, რაღაც არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ასეთი დამაბნეველი განცხადებები არ გაკეთდეს, რადგან ამით მხოლოდ რადიკალური ჯგუფები სარგებლობენ, რათა ყოველ ჯერზე გამონახონ რაღაც თემა, რომლითაც მღელვარებას გამოიწვევენ. ამიტომ მნიშვნელოვანია განცხადებების გაკეთებამდე ასეთი ინფორმაციების გადამოწმება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.