ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რომელშიც სამი ძალაა ჩართული

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რომელშიც სამი ძალაა ჩართული

საქართველოს წინააღმდეგ სამი ძალა მოქმედებს: პირველი - ევროპაში ფოტიგა და ევროპის სახალხო პარტია, მეორე - კრამერი, ვოლკერი, იან კელი, შაჰინი - ე.წ. ამერიკელი ყოფილი ან მოქმედი ჩინოსნები და მესამე - უკრაინის ხელისუფლება, - ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

„დღეს არსებულ მდგომარეობას საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს ვუწოდებ. გეტყვით სამ კომპონენტს თუ ვინ და რა ძალები მოქმედებენ: პირველი - ეს არის ევროპაში ფოტიგა და ევროპის სახალხო პარტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დეკლარირებული პარტნიორია. მეორე - ესენი არიან: კრამერი, ვოლკერი, იან კელი, შაჰინი - ე.წ. ამერიკელი ყოფილი ან მოქმედი ჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ე.წ. სამკუთხედში დიდ ფუნქციას ასრულებენ და მესამე - უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც საქართველო პირდაპირ და ღიად არაერთხელ დაადანაშაულა დანაშაულში, რომელიც მას არ ჩაუდენია და ეს საერთაშორისო ინსტიტუტებმაც აღიარეს; (უკრაინის ხელისუფლება) პირდაპირ მოუწოდებდა [საქართველოს] ომისკენ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ე.წ. გასეირნებისკენ. პრიმიტიული, მაგრამ კარგი მაგალითია ჩვენი ბედოვლათი ოპოზიციის ე.წ. ტრიუმვირატიდან, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომ საქართველო 10 000 ჯარისკაცს მაინც თუ შეაკავებდა საზღვარზე, ეს დიდი შვება იქნებოდა უკრაინისთვის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ განცხადებების მიღმა სურვილების ამოცნობა. ვინმეს თუ ჰგონია, რომ თუნდაც კრამერი გამობრძანდება და ვინმეს პირდაპირ მოუწოდებს, ომში ჩაერთეთ და ამით თქვენ ამას მიიღებთ და თუ არ ჩაებმებით, მაშინ სტატუსს არ მიიღებთო - ეს წარმოუდგენელი და ბავშვური დამოკიდებულებაა. ეს ყველაფერი გარკვეული კონიუნქტურის ფარგლებში მიდის. როცა ამ კონიუნქტურიდან ამოვარდებით, იწყება ზეწოლა, რომელიც ჯერ მსუბუქად, შემდეგ უკვე მძიმედ მიმდინარეობს“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.