იმისათვის, რომ მორჩეს სპეკულაციები, დეოლიგარქიზაციის შესახებ ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გავაგზავნოთ - რომელ პროექტსაც ექნება დადებითი შეფასება, ის განვიხილოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„უკრაინული კანონის კოპირება ქართულ რეალობაში, როცა ოლიგარქია ხელისუფლებაშია, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. იმისათვის, რომ მორჩეს სპეკულაციები, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გავაგზავნოთ. რომელ პროექტსაც ექნება დადებითი შეფასება, ის უნდა განვიხილოთ. არგუმენტი რომ დეკემბერში უნდა დავასრულოთ, ამ საკითხზე გამონაკლისის დაშვება შეიძლება, რადგან როგორც პარტნიორები გვეუბნებიან, საბოლოო შეფასება წლის ბოლომდე არ იქნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.